ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც პარლამენტში შესვლას პატრიოტთა ალიანსის კიდევ ერთი წევრი აპირებს და ამბობს, რომ ამით "პატრიოტთა ალიანსის სატელიტობა დასტურდება".
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, პატრიოტთა ალიანსი ქვეყანაში რუსული ინტერესების გამტარებელია და მას საქმიანობის გაგრძელებაში მმართველი გუნდი ხელს უწყობს.
"რუსული ინტერესების გამტარებელი პატრიოტთა ალიანსისთვის ხელის შეწყობა ხდება იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ შეუფერხებლად საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პატრიოტთა ალიანსი არაფერი არ არის, თუ არა სატელიტი პროექტი ქართული ოცნების", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ფორმულანიუსის ინფორმაციით, ქართულ ოცნებასა და პატრიოტთა ალიანსს შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა.
შეთანხმების შედეგად, ავთანდილ ენუქიძის შემდეგ, პარლამენტში შესვლას პატრიოტთა ალიანსის კიდევ ერთი წევრი ზაზა გელა მიქაძეც გეგმავს. ამ გზით პარტიას დაფინანსება არ შეუწყდება, რადგან ქართულმა ოცნებამ დაფინანსების შესახებ კანონპროექტში შესწორება შეიტანა და ახლა დოკუმენტში წერია, რომ "დაფინანსებას იღებს ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილი მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს".
თუ პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის 2 წევრი შევა, ამ შემთხვევაში პარტია ზემოხსენებულ პირობას დააკმაყოფილებს, რადგან მათ ჯამში 4 მანდატი აქვთ.
რაც შეეხება ზაზა მიქაძეს, ის პატრიოტთა ალიანსის სიის მე-5 ნომერია. მიქაძეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შანსი მაშინ გაუჩნდა, როდესაც პარტიამ არ ჩახსნა სია და ამავდროულად, პარტიის სამმა დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა. მიქაძე, შესაძლოა, გიორგი ლომიას ადგილმონაცვლის სტატუსით შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში.