logo
ENG



სამი ოპოზიციური გაერთიანება ერთობლივ განცხადებას 20:00 საათზე გააკეთებს

31 ოქტ 202415:31
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიების - კოალიცია ძლიერი საქართველოს, კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ შემდგომ ნაბიჯებზე განცხადებას დღეს, 20:00 საათზე გააკეთებენ.

"უტყუარად დადასტურებულია, რომ ფარულობის დარღვევით და ასევე სხვა მექანიზმებით, არჩევნები ჩატარდა ტოტალური კონტროლის ქვეშ, ეს არ არის არჩევნები, ეს არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ამიტომ არის, რომ ბევრს ბლუყუნებს ქართული ოცნება, მაგრამ პასუხი არ აქვს ამ კონკრეტულ საკითხზე. მათ იძალადეს ამომრჩეველზე ფარულობის დარღვევით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - ვიკრიბებით 8 საათზე და საბოლოო განცხადებებს ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე გავაკეთებთ 8 საათზე", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ 3 პარტიას სრულად აქვს შეჯერებული პოზიციები და არსებობს გეგმა.

"ჩვენ აქ ვიყავით სამი პარტია, სრულიად შეჯერებული გვაქვს პოზიციები, ვიბრძვით ყველანი ერთად, იმიტომ რომ სამშობლოს გადარჩენის დროა. პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ყველანაირი გეგმა არსებობს, რაღაცები ითქმება, რაღაცები - ვერ, მაგრამ ხალხის ჩართულობით, პირველ რიგში, ჩვენ მივაღწევთ შედეგს, არჩევნების შედეგები გაბათილდება, იქნება ხელახალი არჩევნები და სამშობლო წავა იქით, საითაც უნდა მიდიოდეს. ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ ამ სიტუაციიდან უშეცდომოდ უნდა გამოვიდეთ", - თქვა ნიკა გვარამიამ.

სამი ოპოზიციური გაერთიანების კონსულტაციებზე არ იმყოფებოდა გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის. ბრიფინგზე საქართველოსთვის ერთ-ერთმა წევრმა ბექა ლილუაშვილმა თქვა, რომ ტექნიკურ დონეზე პარტიებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან.

"იცით, რომ პრეზიდენტის მიერ უზრუნველყოფილ პლატფორმაზე კომუნიკაცია გვაქვს. ტექნიკურ დონეზე ინფორმაციის გაცვლა, მათ შორის სხვა პარტიებთან მიმართებით მუდმივად მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან, მათ შორის ამ შეხვედრის შინაარსთან, საკითხებთან მიმართებაში. რაც შეეხება მათ გეგმას, ვნახავთ, რა გეგმით წარდგებიან საზოგადოებასთან", - თქვა ბექა ლილუაშვილმა. 


close დახურვა