logo
ENG



სამინისტრო: ECHR-ის გადაწყვეტილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის უმნიშვნელოვანესია

21 იან 202115:45
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/21/kwerjwflq7vo4hw.jpg

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტია.

უწყების ცნობით, სასამართლო დაეთანხმა საქართველოს  მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

"სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის  საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

დღეს, 21 იანვარს ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.


close დახურვა