logo
ENG



სამინისტრო: არ არის სიმართლე, რომ უკრაინამ ბუკის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს

10 იან 202312:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/10/a12gruy8n20h9vv.jpeg

თავდაცვის სამინისტრო ბუკის სისტემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ისინი საქართველოს უკრაინისგან "უსასყიდლოდ" არ მიუღია. მათი თქმით, "ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების" მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, არ შეესაბამება სიმართლეს.

"აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით "ბუკ"-ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას.

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების "ჯაველინი" შესყიდვის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, საქართველო მტკიცედ აგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. უწყება "ამის მკაფიო დასტურად" ტონობით გაგზავნილ ჰუმანიტარული ტვირთსა და "პრემიერმინისტრის ინიციატივით" უკრაინისთვის გადაცემულ გენერატორებს ასახელებს.

რაც შეეხება, უკრაინისათვის იარაღით ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მთავრობამ პოზიცია არაერთხელ გააჟღერა.

გუშინ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული საზენიტო-სარაკეტო "ბუკის" სისტემების დაბრუნება სთხოვა.

გარდა "ბუკის" სისტემებისა, კასიანოვი აღნიშნავს, რომ უკრაინის მოთხოვნა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც მოიცავდა. ამასთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.


close დახურვა