logo
ENG



სამინისტრო: სააკაშვილმა დააზიანა ძვირადღირებული ტექნიკა, თანამშრომლებს მიაყენა შეურაცხყოფა

08 ნოე 202122:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/08/9wp3yysh0f2blaa.jpg

იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხის საავადმყოფოში "ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა" დააზიანა, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარზე გამოძიება გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.

"მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18  დაწესებულებაში, მან,  როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. ის 39-ე დღეა შიმშილობს. 

კლინიკაში გადაყვანის შემდეგ ის ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა  და თქვა, რომ სააკაშვილი კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.

გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები" დაასახელა. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს. გლდანის ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები არიან შესული.


close დახურვა