მარნეულელი აქტივისტის, სამირა ბაირამოვას მშობლები ხელისუფლებას ოფიციალური წერილით მიმართავენ.
თეიმურხან ბაირამოვი და ხანაპირი ბაირამოვა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვატანგ გომელაურს რეაგირებისაკენ მოუწოდებენ და შვილის უსაფრთხოების დაცვას სთხოვენ.
მშობლების მიმართვა რადიო მარნეულმა გაავრცელა.
ძალადობრივმა, პრორუსულმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს დღეს, 20 მარტს წითელი საღებავები შეასხა. პარტიის ოფისის კედლებზე არის ბაირამოვას შეურაცხმყოფელი წარწერები.
ამით ძალადობრივმა ჯგუფმა სამირა ბაირამოვას მიმართ პირველი მუქარა შეასრულა.
14 მარტს აქტივისტმა ქალაქში ძალადობრივი ჯგუფის პარტიული ოფისის გახსნა გააპროტესტა და გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა. სწორედ ამას მოჰყვა ალტ-ინფოს მხრიდან, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობის მუქარა. სამირა ბაირამოვას ალტ-ინფოს წევრები ეუბნებიან, რომ "თავს მოაჭრიან".
სწორედ დღევანდელი ვანდალიზმის შემდეგ მიმართეს ხელისუფლებას სამირა ბაირამოვას მშობლებმა.
ღია წერილში მათ ხაზი გაუსვეს, რომ ისინი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან, ამასთან, იციან არაერთი შემთხვევა, როცა ადამიანები დახოცეს მათი ეთნიკური, სქესობრივი, რასობრივი და პოლიტიკური შეხედულების გამო.
"ჩვენ ვიზიარებთ იმ ადამიანებს ტკივილს, მაგრამ იმავეს განმეორება არ გვსურს, რადგან ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი დანაკარგი იქნება". - აცხადებენ თეიმურხან ბაირამოვი და ხანაპირი ბაირამოვა.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ ალტ-ინფოს და მსგავსი ჯგუფების გამო უკვე 3 წელია, მარნეულში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა სირთულეებს უკავშირდება.
"ზედიზედ სამი წელია, ჩვენს შვილი უწევს დიდი ბრძოლა უსამართლიანობასთან და დესტრუქციულ ძალებთან. გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომები ჩვენი შვილის უსაფრთხოებისთვის. დღეს ის არაა დაცული დესტრუქციული ძალების მუქარისგან და შესაძლო ძალადობისგან. ჩვენი გოგო ძლიერია, მაგრამ მისი სიძლიერე საკმარისი არაა ამ ადამიანებისგან მომდინარე ძალადობის რისკების წინაშე. სახელმწიფოს მხარდაჭერა და მეტი დაცვა აუცილებელია არა მარტო სამირასთვის, არამედ ყველა ახალგაზრდა აქტივისტისთვის. სახელმწიფოს დუმილი და უმოქმედობა გვაშინებს. გთხოვთ იმოქმედოთ!" - აცხადებენ აქტივისტის მშობლები.
შსს-მ ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.
ძალადობრივი, პრორუსული ალტ ინფო 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის შემოქმედია - ამ დღეს ჩააშალეს ლგბტქ პრაიდი და სცემეს 53 ჟურნალისტს. მათგან ერთ-ერთი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ძალადობის ინიციატორები ამ დრომდე არ დასჯილან.