რეფორმების ჯგუფის დეპუტატები აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები ტარიელ ნაკაიძის რეპუტაციასთან დაკავშირებით შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად.
როგორც პარლამენტში ხათუნა სამნიძემ თქვა, კობახიძის განცხადება რუსული კანონის "სულისკვეთების ჩარჩოებშია".
"ახლა ამ კამპანიის გაგრძელებაა და ემსახურება შუღლის გაღვივებას და ტარიელ ნაკაიძის ძალიან საამაყო პოლიტიკოსობამდე წარსულს, რომელიც ემსახურებოდა ადამიანის უფლებებს, რელიგიური უმცირესობებისა და ქართველი მუსლიმების უფლებების დაცვას. რაც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან, არის პირდაპირ შუღლის გაღვივებისკენ მიმართული და პირდაპირ ემსახურება იმას, რომ ამ ქვეყანაში ყველა ის ადამიანი, ვინც იცავს ადამიანის უფლებებსა და უმცირესობათა უფლებებს, მოხდეს ამ ადამიანების დისკრედიტაცია და გამოცხადდნენ, თურმე მძიმე რეპუტაციის ადამიანებად", - განაცხადა სამნიძემ.
თეონა აქუბარდიაც იზიარებს შეფასებას, რომ კობახიძის სიტყვები შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობად არის შეფასებული.
"ირაკლი კობახიძე მას შემდეგ, რაც ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა, საკუთარ რეპუტაციას ანგრევს ისევე, როგორც ქვეყნის რეპუტაციას, საუბრობს ჩვენი კოლეგის რეპუტაციაზე იმ ფორმით, რა ფორმაც არის საკმაოდ საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის"- თქვა აქუბარდიამ.
22 მარტს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა.
დაპირისპირება რეპლიკებმა გამოიწვია, კონკრეტულად კი ვიქტორ ჯაფარის გაღიზიანება სიტყვა აგენტმა გამოიწვია, რის შემდეგაც ის თავს დეპუტატ ნაკაიძეს დაესხა და სიტყვიერად სხვა ოპოზიციონერ კანონმდებლებს დაუპირისპირდა.
ქართული ოცნების თავმჯდომარე გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და ტარიელ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი" უწოდა.
ფორმულას ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი", რაზეც კობახიძემ უპასუხა: "არ მინდა და არ განვმარტავ".