logo
ENG



სამნიძე: 5-6 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დავარეგისტრირეთ

23 ივლ 202113:58
3 წუთის საკითხავი
 

შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივა დაარეგისტრირა

ფრაქციის წევრების განცხადებით, საგამოძებო კომისიის შესწავლის მთავარი საკითხი იქნება, თუ ვინ იდგა 5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების უკან და აქვს თუ არა ამ მოვლენებს კავშირი რუსეთთან. 

"მთავარი ფოკუსი იქნება რუსული კვალი და გავლენა, რადგან ამ კონკრეტულ თემაზე არაერთი განცხადება გაკეთდა, როგორც ადგილობრივი ექსპერტების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ამ მოვლენების უკან შეიძლება იყოს კრემლი. ყველა საკითხის გამოძიებისთვის დავაინიცირეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა", - თქვა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ

5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო. ამავე დღეს კონტრაქცია დააანონსა საქართველოს საპატრიარქომ.

რუსთაველის გამზირი დილიდან ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს. მათ დაარბიეს პარლამენტის წინ აქტივისტების კარვები, თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებს.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა 53 ჟურნალისტი. მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 28 ადამიანი.

ამ დრომდე დაკავებულები არ არიან აქციის ორგანიზატორები.

რაც შეეხება 6 ივლისს, სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, მათი უმრავლესობა კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

 


close დახურვა