კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თურქეთში უკრაინასთან გამართულ მოლაპარაკებებზე მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ სიტუაციის რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა არ ყოფილა.
გუშინ, 29 მარტს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ აპირებს შეზღუდოს თავისი სამხედრო აქტივობა კიევსა და ჩერნიგოვში.
"პოზიტიური ის არის, რომ უკრაინულმა მხარემ მაინც დაიწყო კონკრეტულად ჩამოყალიბება და იმის ქაღალდზე ასახვა, რასაც გვთავაზობს. აქამდე, ჩვენ ამას ვერ ვაღწევდით.
რაც შეეხება დანარჩენს, ვერ ვიტყვით, რომ ამჟამად რაიმე გარღვევაა, რაიმე ძალიან იმედისმომცემია," - თქვა მან საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
29 მარტს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაზე.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი "კარდინალურად შეამცირებს" საომარ მოქმედებებს კიევსა და ჩერნიგოვში.