ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ახალციხელი გარდაცვლილი ექთნის საქმეზე კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
როგორც სამხარაულის ბიუროში ფორმულას განუცხადეს, ექსპერტები ჯერ კიდევ მუშაობენ და დასკვნა, თუ რამ გამოიწვია მედდის გარდაცვალება, ჯერ მზად არ არის.
"გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ახალციხეში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებას ელოდება.
ექთნის ოჯახის ადვოკატებმა დღეს, 29 მარტს პრესკონფერენციაც გამართეს - მათი თქმით, საქმეში კითხვის ნიშნები იკვეთება სამედიცინო ჩანაწერებთან დაკავშირებით. ოჯახი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ამ კითხვებს შესაბამის პასუხებს გასცემს.
ოჯახი აცხადებს, რომ ე.წ. ფორმა-100 არასწორი დროის მითითებითაა შედგენილი, რაც სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ კითხვებს ბადებს. ოჯახის ადვოკატის მტკიცებით, ვაქცინაციის რეალური დრო არის 12:13 საათი, სამედიცინო ისტორიაში კი 12:30 საათია მითითებული.
"ახალციხის კლინიკის შედგენილ ფორმა-100-ში ვაქცინაციის დროდ მითითებულია 12:30, როცა რეალური დრო არის 12:13. ფორმა ასის თანახმად, ვაქცინაციიდან 20-25 წუთში მეგის გამოუვლინდა ჩივილები და ამ მომენტიდან 15 წუთში, 13:10 მას გაეწია რეანიმატოლოგის დახმარება. რადგან ვაქცინაციის რეალური დრო არის 12:13, მას დახმარება გაეწია 32 წუთში - ეს ფაქტობრივი უზუსტობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დოკუმენტს. გამოძიებამ უნდა დაიწყოს მოკვლევა სამედიცინო საბუთების შესაძლო გაყალბების შესახებ", - ამბობს ადვოკატი.
ექთნის ოჯახის წევრები საუბრობენ იმაზეც, რომ გამოძიებას ჯერ კიდევ არ ამოუღია მეგი ბაქრაძის პირადი ტელეფონი, საიდანაც გარკვეული მიმოწერების შესწავლა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს გარდაცვალების გამოძიების საქმეში.
"არსებობს ახალი მტკიცებულება - მეგის პირადი ტელეფონი, რომელიც გამოძიებას დღემდე არ ამოუღია. ამ ტელეფონში არის კომუნიკაცია, რომლის მიხედვითაც გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას, რატომ გარდაიცვალა მეგი და რა მოხდა რეალურად. ამ ტელეფონს დღეს გადავცემთ გამოძიებას. სამსახურებრივი ჩატია, არის ბევრი მესიჯი წაშლილი. მესიჯების შინაარსი მოიაზრებს იმას, რომ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ გამოძიებას შეუძლია შეისწავლოს", - ამბობს ოჯახის ადვოკატი.
თავდაპირველად 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 მარტს გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ის ახალციხის იმედის კლინიკაში ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. ექთანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა, სადაც ის მეორე დღეს გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძემ თავიდანვე თქვა, რომ სავარაუდოდ, მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად ვაქცინების შემთხვევაში, საშუალოდ, მილიონიდან ერთ შემთხვევაში ვლინდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის შემდგომ ანაფილაქსიური შოკი ვაქცინის უხარისხობაზე არ მიანიშნებს, ვინაიდან ანაფილაქსია ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, თუმცა, იშვიათი გვერდითი მოვლენაა.
ახალციხის კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ ექთანს ყველა საჭირო პროცედურა თავის დროზე ჩაუტარდა.
ახალციხელი ექთნის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.