სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარების მიწოდებას გაზრდის.
სამიტზე სიტყვით გამოსვლისას იოლმა ხელახლა აღნიშნა, რომ სეული უკრაინაში რუსეთის შეჭრას საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს და რუსეთის ფედერაციის ქმედებებს გმობს.
რუსეთის შეჭრიდან სამხრეთ კორეამ უკრაინას უკვე 150 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. სეული უკრაინას სამხედრო დახმარებას არ აწვდის და ოფიციალურად აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
ამ კვირაში ამერიკულმა გამოცემა Wall Street Journal-მა განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციიდან აქვთ ინფორმაცია, რომ აშშ და სამხრეთ კორეა შეთანხმდნენ, რომ ვაშინგტონი სეულისგან 100 000 კორეულ 155მმ-იან ტყვია-წამალს შეიძენს რასაც უკრაინის ჯარს გადასცემს.
WSJ-ის ცნობით ამ მოცულობის ტყვია-წამალი უკრაინას რამდენიმე კვირის მანძილზე ეყოფა.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ მართლაც აპირებს სეულისგან 155მმ-იანი ამუნიციის შეძენას, თუმცა მათი თქმით, შეთანხმების მიხედვით აშშ იქნება ამ მასალის საბოლოო მიმღები.