logo
ENG



სანამ რურუა არ გათავისუფლდება, სახალხო განხილვებში მონაწილეობას არ მივიღებთ - ოპოზიცია

04 ივნ 202007:49
3 წუთის საკითხავი
 

საარჩევნო სისტემაში კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეიდან იწყება.

კორონავირუსის გამო, განხილვა სატელევიზო ფორმატში ჩატარდება და მას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაუძღვება. შეხვედრა ინტერაქციული სახის იქნება და მოქალაქეები საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან შეკითხვების დასმას შეძლებენ.

"ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" განხილვაში მონაწილობას არ მიიღებს, იქამდე სანამ გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ დატოვებს. თუმცა განხილვას დაესწრებიან ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები. კანონპროექტის განხილვა ივნისის ბოლოსთვის დასრულდება.

"სანამ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ იქნება შესრულებული, ჩვენ არ ვაპირებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. თუ ხელისუფლებას უნდა გონს მოეგება, და იმ სამარცხვინო ჩიხიდან, რომელშიც შესულია, შეუძლია 1 საათში გამოვიდეს. ადამიანი, რომელიც ქვეყანას მართავს ამდენი თვითდაზიანება მიიყენოს, შენ როგორც მოქალაქეს რას გიზამს", - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მმართველ გუნდს საკმარისი ხმები აქვს რათა საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩააგდოს. 

"ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არ მიიღებს აღნიშნულ განხილვებში მონაწილეობას ამ ეტაპზე, რადგან არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება. რურუა პატიმრობაში რჩება. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა "ქართულ ოცნებას" საკმარისი ხმები, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი აპირებს მხარდაჭერას და შესაბამისად, "ოცნებას" აქვს საკმარისი ხმები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს, მათ შორის ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობენ, რომ კანონპროექტის მხარდაჭერას აპირებენ. 

"ჩვენი ფრაქციის პოზიცია უცვლელია და ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ, ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია პოლიტიკური მრავალფეროვნების უზრუნველყოფისთვის. თუ "ქართულ ოცნებას" აქვს რეალური სურვილი, რომ ცვლილებები მიიღოს ის შეძლებს ხმების მობილიზებას, როგორც "პატრიოტთა ალიანსიდან", ისე დამოუკიდებელი დეპუტატებისგან", - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში.

საპარლამენტო უმრავლესობა კი ოპოზიციას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.  

"დღეს უკვე ჩვენ ვიწყებთ საჯარო განხილვებს. საკმაოდ საინტერესო ფორმატი იქნება. მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა კითხვები დასვას. ოპოზიცია ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევა და ეს მათ მომავალზე აისახება", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.


close დახურვა