გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას წევრი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შეუძლიათ, "ახალი პროცესის გმირები გახდნენ".
ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში სანიკიძემ თქვა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას აქვთ შანსი, მორიგდნენ, გახარია და კალაძე კი ამ პროცესში უნდა ჩაერთონ.
"ბატონო კახა და ბატონო გიორგი, გადასარევი შანსი გვაქვს ორივე მხარეს. მე შერიგებაზე არ გელაპარაკებით, მე გელაპარაკებით მორიგებაზე. მოვრიგდეთ, რათა ქვეყანას შანსი მივცეთ და წავიდეთ წინ. შევთანხმდეთ, ჩავატაროთ სამუშაოები", - განაცხადა სანიკიძემ.
ის ორივეს მოუწოდებს, "პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ".
"გაქვთ შანსი, რომ გახდეთ ახალი ქართული დემოკრატიის ავტორები. კახა კალაძეს და გიორგი გახარიას შეუძლიათ, რომ გახდნენ გმირები ახალი პროცესის. მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება.
თქვენ, რახან თავკაცები ხართ, მოგმართავთ, გაქვთ ძალიან დიდი შანსი, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ ერთად და ვიყოთ თანაავტორები ამ საქმის... ის, ვისაც მიყავს ახლა ეს პროცესი, თქვენი საპარლამენტო უმრავლესობის მეთაურები ვინც არიან, ისინი საქმეს აფუჭებენ და საბოლოო ჯამში, თქვენი საქმეც გაფუჭდება", - აღნიშნა სანიკიძემ.
საგაზაფხულო სესია დღეს, 2 თებერვალს გაიხსნა. კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათთვის მანდატების შეწყვეტას დღეს ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა. პარლამენტში უმრავლესობის გარდა იმყოფებიან პატრიოტთა ალიანსის სიით შესული 4 დეპუტატი, ასევე მოქალაქეების ორი წევრი - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.