logo
ENG



სანსეტ შოვი: ყველა ჩვენი სტუმარი, ადმინისტრაციის წევრი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას

03 აგვ 202323:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/03/45pp0gsqgrna001.jpg

სასტუმრო სანსეტ შოვის ინფორმაციით, ყველა სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, მათ მეწყრის შედეგად დაზიანებები არ მიუღიათ.

სანსეტ შოვის ცნობით, სტიქიამ დააზიანა სასტუმროს ეზო და მიმდებარე შენობები.

სასტუმრო სანსეტ შოვის განცხადება:

"მოგესალმებით, პირველ რიგში გვინდა მწუხარება გამოვხატოთ დაღუპული და დაკარგული ადამიანების ოჯახების მიმართ.

მოგეხსენებათ დიდი სტიქია დაგვატყდა თავს. დღეს ოთხი საათისთვის ადიდდა მდინარე, რამაც გამოიწვია მეწყერი, მეწყრულმა მასამ დააზიანა ჩვენი სასტუმროს ეზო და მიმდებარე შენობები. ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს და ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს სტუმრები და ყველა მათგანის ნივთებიც კი გამოიტანეს ოთახებიდან. ამის შემდეგ სტუმრებთან ერთად დაელოდნენ მაშველებს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან თავისი ძალებით, ჩამოწოლილი მეწყრის გამო, გამოღწევა ვერ შეძლეს. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი დაუზიანებლად გადაურჩა სტიქიას და სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას." - წერია განცხადებაში.

რამდენიმე საათის წინ კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. 

ადგილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მოქალაქე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ჯერ კიდევ ეძებს და მათთან კონტაქტზე ვერ გადის. 

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გზების გაწმენდის სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია და ხვალ დილიდან გაგრძელდება. 

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.  

შსს-ის ცნობით, შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

კურორტ შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას შსს-მ დაუდასტურა.


close დახურვა