საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის მიერ რამდენიმე დღის წინ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ ერთ-ერთი კომპანია, ჯიპიეს კონსლატინგი შვილს, ანდრია ანზორ ფარცხალაძეს აჩუქა. რეესტრში აღნიშნულია, რომ ანდრია ანზორ ფარცხალაძე ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია - კომპანიის დირექტორია მიხეილ ჩოხელი.
ჩუქების ხელშეკრულებაში თარიღად 19 სექტემბერია მითითებული, საჯარო რეესტრში კი განცხადება მეორე დღეს, 20 სექტემბერს არის წარდგენილი.
ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შვილი ანდრია ფარცხალაძე ორგანიზაციის, სოლიდარობა მშვიდობისთვის სახელით, საქართველოში აქტიურ რუსულ პროპაგანდას ეწევა. ეს ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხის წამოწევას და ამ თემაზე რეფერენდუმის მოთხოვნას.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, თავად ყოფილი გენერალური პროკურორის შვილი კი რუსულ ორგანიზაციაში განათლების ე.წ. ექსპერტია. ანდრია ფარცხალაძე ლექციებს იმ საკითხზე ატარებს, როგორ დააქცია ყოფილმა ხელისუფლებამ განათლების სისტემა.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობას, არსებული ინფორმაციით, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ამაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.
საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა.