logo
ENG



საპარლამენტო ოპოზიცია: მოვამზადეთ EU-ის 12 პუნქტის შესრულების გეგმა

05 სექ 202210:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/05/rca2neum1hy8rro.png

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები აცხადებენ, რომ ქართული ოცნებისგან დამოუკიდებლად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მოამზადეს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების გეგმა ყველა მიმართულებით. 

​მათი განცხადებით, მომდევნო კვირაში, საბოლოო შეჯერების შემდეგ, მოხდება დოკუმენტის გასაჯაროება და  შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება საქართველოს პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე. 

პარტიების განცხადებაში წერია:

"სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ დააყენა 3 კონკრეტული დათქმა, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას: 

დეოლიგარქიზაცია არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს და უფრო მეტიც, ოლიგარქები არიან ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და კრიტიკული მედიის დამფუძნებლები.

ქართული ოცნება არ აღიარებს სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას და პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას, ხოლო სასამართლოსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებას პროცედურული საკითხების ფორმალური გადაწყვეტით ცდილობს.

ქართულმა ოცნებამ“ წინსწრებით უარი თქვა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული და უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესრულებაზე, ხოლო დეპოლარიზაციად მიაჩნია ოპოზიციური სპექტრის და კრიტიკული მედიის გაჩუმება, მათ შორის, ხელისუფლების ანტიდასავლურ გზავნილებზე. 

ამის პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული ჰიბრიდული ომის ხერხის გამოყენებით წამოიწყო საინფორმაციო შეტევა პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ელჩებზე, აშშ და ევროკავშირის ინსტიტუტებზე იმ საბაბით, რომ თითქოს ყველა ზემოაღნიშნულს სურდა საქართველოში ომის დაწყება და მეორე ფრონტის გახსნა. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მოსახლეობისთვის  იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება დაკავშირებულია ომში ჩართვასთან და არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან"

პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ასევე ხაზს უსვამენ, რომ მმართველმა პარტიამ პროცესში ჩართვის საშუალება ას მისცა სამართლიან არჩევნებს, რასაც სხვა NGO-ების პროტესტი მოჰყვა. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, დეპიტატები მზად იყვნენ, მმართველ პარტიასთან ერთად ემსჯელათ და შეთანხმებულიყვნენ სამოქმედო გეგმაზე. 

თუმცა, მათი თქმით, "სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და დემონსტრაციულად ჩაკეტა სასესიო დარბაზის კარები".

"ამის შემდეგ, ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს მოგვიწია ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად სამუშაო პროცესის დაწყება საჭირო ინიციატივების მოსამზადებლად. პროცესი წარიმართა ინკლუზიურად, არასამთავრობო სექტორის ფართე ჩართულობით, განსხვავებით ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფაქტიურად ერთპარტიული, არაგამჭვირვალე და არაინკლუზიური პროცესისგან. 

ზაფხულის განმავლობაში, არასამთავრობო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ მოვამზადეთ ევროპული რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო  სათანადო გადაწყვეტები და საკანონმდებლო ინიციატივები თორმეტივე მიმართულებით. ჩვენს მიერ მომზადებული ინიციატივების დიდი ნაწილი თანხვედრაშია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და შეესაბამება ევროკომისიის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და დასკვნებს. 

წინა კვირაში მოხდა შემუშავებული ხედვების და ინიციატივების გაცნობა სამოქალაქო სექტორისთვის. მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ფინალური შეხვედრები დეოლიგარქიზაციის, სასამართლო, საარჩევნო და მედია საკითხების მიმართულებით. მომდევნო კვირაში, საბოლოო შეჯერების შემდეგ, მოხდება  დოკუმენტის გასაჯაროება და შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება საქართველოს პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე. 

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, რისთვისაც მზად ვართ ავიღოთ პასუხიმგებლობა ჩვენს მიერ წარდგენილ ინიციატივებზე და მხარი დავუჭიროთ ევროკომისიის რეკომენდაციების რეალურად შესრულებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას". - ნათქვამია განცხადებაში. 

***

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა. 

მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. 


close დახურვა