logo
ENG



საპარლამენტო ოპოზიცია საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

08 სექ 202211:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/08/833yxboaeknui3v.jpg

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ.

სარჩელთან დაკავშირებით, დღეს, პარლამენტში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პარლამენტის წევრებმა: ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ, პაატა მანჯგალაძემ, ლევან ბეჟაშვილმა და ანა ბუჩუკურმა, ასევე, სამართლის ექსპერტებმა მიიღეს.

ინიციატორი დეპუტატების განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება, მინიმუმ, 30 დეპუტატს აქვს და სარჩელზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან იმართება. მათივე თქმით, ხელმოწერები უახლოეს დღეებში შეგროვდება.

სარჩელი "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრების მიერ მომზადდა. აღნიშნული ორგანიზაციები, ასევე, განახორციელებენ დეპუტატების წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში.

"ცვლილებები არღვევს მოსამართლეთა კონსტიტუციურ უფლებებს, ზღუდავს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს და სასამართლოს მმართველ გავლენიან ჯგუფს უზრდის ბერკეტებს, შეავიწროოს და გავლენა მოახდინოს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე.

მოსარჩელეები და იურისტები მიიჩნევენ, რომ გასულ წელს კანონში შეტანილი ცვლილებებით: მოსამართლეებს შეეზღუდათ გამოხატვის თავისუფლება; თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე, მათივე განცხადებით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს მიეცათ შეუზღუდავი შესაძლებლობა მიავლინონ მოსამართლე სხვა სასამართლოში მისი თანხმობის გარეშე, მის მიმართ დაიწყონ დევნა ბუნდოვანი საფუძვლებით. აღინიშნა, რომ კანონი ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის სტანდარტს და აძლევს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს თვითნებობის, კანონის შერჩევითად, არანამდვილი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ცვლილებების მიღებას. ამავე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსტიტუციური სარჩელები წარდგენილი აქვთ მოქმედ მოსამართლეთა ჯგუფს და სახალხო დამცველს.

კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია მოამზადა და პარლამენტს გაუზიარა ვენეციის კომისიამ, კრიტიკული პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს საქართველოს პრეზიდენტმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც მრავალი წელია დახმარებას უწევენ ქვეყანას სასამართლო რეფორმის საკითხებში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

***

ქართულმა ოცნებამ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები 2021 წლის 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით მიიღო. 

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, მოსამართლეს ეკრძალება აზრის გამოთქმა "გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმის, ან - პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით". 

წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. 

რაც შეეხება დისციპლური სახდელებს - არსებულ ჩამონათვალს: საყვედური; მკაცრი საყვედური; ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში; სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. მოქმედი კანონმდებლობით ამისთვის საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ია საჭირო, ცვლილებებით კი საკმარისი იქნება ხმათა უმრავლესობა.


close დახურვა