logo
ENG



საპატრიარქო: დღესასწაულებზე სამების ეზოში მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები დაიშვებიან

30 მარ 202319:07
3 წუთის საკითხავი
 
საპატრიარქო: დღესასწაულებზე სამების ეზოში მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები დაიშვებიან
ფოტო: ვახო ქარელი

საპატრიარქოს განცხადებით, დღესასწაულებზე სამების ტაძრის ეზოში მხოლოდ აკრედიტებულულ ჟურნალისტებს დაუშვებენ და მათთვის სპეციალური სივრცე იქნება გამოყოფილი. 

მათი განმარტებით, ამის მიზეზია "ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტები".

"ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულები: ხარება - 7 აპრილს, ბზობა - 9 აპრილს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა ტაძარში თუ ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი და დიდია ალბათობა ზემოაღნიშნულის გამეორებისა, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.

ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

დღესასწაულებზე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი "ბეიჯები", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა