logo
ENG



საპატრიარქო 7-9 მარტისა და მოძალადე ჯგუფების გუშინდელ აქციას ერთი განცხადებით ეხმაურება

15 მარ 202314:58
3 წუთის საკითხავი
clock 1090

საპატრიარქო რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციასა და გუშინ მოძალადე, პრორუსული, ჰომოფობიური მცირე ჯგუფების მიერ გამართულ აქციას ერთი განცხადებით ეხმაურება.

გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით საპატრიარქოში აცხადებენ, რომ პარლამენტთან მყოფი სასულიერო პირი თვითნებურად, საეკლესიო კანონიკის დარღვევით მოქმედებდა და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი.

რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციაზე კი საპატრიარქო ამბობს, რომ "ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია მოლოტოვის კოქტეილების“საშუალებით".

"რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაკეთდა განცხადება, სადაც სასულიერო პირებს რადიკალური და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხელშემწყობი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირებისაგან თავის შეკავებისაკენ მოვუწოდეთ.

მიუხედავად ამისა, გუშინ, 2023 წლის 14 მარტს, გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს. აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი.

აღვნიშნავთ, რომ ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია, „მოლოტოვის კოქტეილების“ საშუალებით, სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში ხანძრის გაჩენის მცდელობით, ეს სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მოქალაქეებისადმი მუქარა. საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა.

როგორც ადრე აღვნიშნეთ, დღეს საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდება მშვიდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. ყოველი ძალადობრივი ფაქტი, პოლარიზებისა და შფოთის მცდელობა, დაუბალანსებელი მოწოდება, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს ის ნაკარნახევი, ეკლესიისგან შორს დგას. ვლოცულობთ მშვიდობისა და ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისთვის"- აცხადებენ საპატრიარქოში.

რუსული კანონპროექტის მშვიდობიან აქციასთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება მანამდეც გაავრცელა

9 მარტის აქციაში საპატრიარქო აღნიშნავდა, რომ "მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის ლოცულობს" და მიიჩნევდა, რომ "ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი კურსის შენარჩუნება და ქვეყნის დამოუკიდებლობა ქვეყნის წინსვლისათვის ერთადერთი ამოსავალი ფაქტორია".

***

ძალადობრივმა, პრორუსულმა და ჰომოფობიურმა მცირე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოგლიჯეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს. აქციაზე იმყოფებოდა სასულიერო პირიც.

ამ აქციის მონაწილეებთან მხოლოდ ერთი პოლიციელი იდგა. იმ სვეტთან კი სადაც დროშა ფრიალებდა, ხუთამდე პოლიციელი მოგვიანებით გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მოძალადე, პრორუსული ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

მოგვიანებით, საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციელებმა ევროკაშირის დროშა აღმართეს. 

პრორუსულმა დაჯგუფებებმა ევროკავშირის დროშა წარსულშიც ჩამოგლიჯეს. 2021 წლის 5 ივლისის მეორე დღეს, ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული დროშა ჩამოხსნეს. 7 ივლისს კი დროშა მაშინდელმა სპიკერმა, კახა კუჭავამ აღმართა.

ამის შემდეგ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადი გახდა.

პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დროშების დაზიანებისთვის მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდება. ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.


close დახურვა