logo
ENG



საპატრიარქო აზარტული თამაშების რეგულაციაზე ღარიბაშვილის ინიციატივას მიესალმება

22 ნოე 202112:38
3 წუთის საკითხავი
 
საპატრიარქო აზარტული თამაშების რეგულაციაზე ღარიბაშვილის ინიციატივას მიესალმება

საპატრიარქო აზარტული თამაშების რეგულაციაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას მიესალმება.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ზე წერს, "სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად".

"მივესალმები. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რელობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს. 20-25 წლამდე ასაკის დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში მზარდი ტემპით კლებულობდა, ხოლო იგივე ასაკის ადამიანების სათამაშო ბიზნესში ჩართულობა - იზრდებოდა.

მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისაკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რაც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ოჯახებს ამ სენისაგან", - წერს ჯაღმაიძე.

ღარიბაშვილმა დღეს, 22 ნოემბერს თქვა, რომ ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადები გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა, მოთამაშეების ბარიერი კი 25 წლამდე აიწევს. მეორე ეტაპზე ონლაინ თამაში საერთოდ აიკრძალება.


close დახურვა