logo
ENG



საპატრიარქო კორონავირუსის რისკის მიუხედავად ზიარების წესში ცვლილებას არ შეიტანს

01 მარ 202019:54
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციის გავრცელების რისკის მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქო ტრადიციის დარღვევას და ზიარების წესში ცვლილებების შეტანას არ აპირებს.

გუშინ საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, საერთო კოვზით ზიარება საუკუნოვანი ტრადიციაა.

"სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა და მიუხედავად ამისა, მორწმუნეები არ შეშინებულან" - ასეთია არგუმენტი, რომლის საფუძველზეც, მიუხედავად გავრცელებული ეპიდემიისა, ღვთისმსახურება საქართველოში ტრადიციულ სახეს შეინარჩუნებს.

შედარებით განსხვავებული აღმოჩნდა ჭყონდიდის მიტროპოლიტი გრიგოლის შეხედულება. მისი აზრით, თუ ქვეყანა პანდემიურ ვითარებაში შევა, მაშინ საზიარებლად ერთჯერადი კოვზების გამოყენება შეიძლება.

მის აზრს არ იზიარებს მეუფე ნიკოლოზი, რომელიც ამტკიცებს, რომ ერთჯერადი კოვზების გამოყენებაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. 

"რაც შეეხება ერთჯერად კოვზებს, პრინციპულად არასწორია. ყოველ დილას და ყოველ საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში. აი ამდენმა ადამიანმა შეასრულა ეს ლოცვა-კურთხევა, გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი. მე რომ ვიცოდე, რომ ხატს თუ ვემთხვევი, გადამედება, მაინც ვემთხვევი", - აღნიშნა მან. 

რა ხდება, როცა რწმენა და ტრადიცია მეცნიერების პირისპირ დგება, სასწორზე კი საზოგადოების ფართო ფენების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დგას? სპეციალისტების რეკომენდაცია ცალსახაა - ჰიგიენის ნორმების დაცვა და ზიარებისას ერთჯერადი კოვზებით სარგებლობა. 

კორონავირუსის გავრცელების შესახებ საუბრობენ მართმადიდებელი ეკლესიის მრევლშიც. მორწმუნეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანს რწმენას ვერანაირი ვირუსი წაართმევს. მათი ნაწილი კი კორონავირუსის გავრცელების რისკებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ჰიგიენის დაცვა აუცილებელია, ხოლო ერთჯერადი კოვზებით ზიარება მაინც მისაღებია.

ზიარების წესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას  ეხმაურებიან სამედიცინო დარგის სპეციალისტებიც.  ერთჯერადი კოვზების გამოყენების რეკომენდაციას გასცემს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. ხოლო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საკუთარ რეკომენდაციებში რელიგიური რიტუალების მოხსენიებას თავს არიდებს.

BBC-ის ინფორმაციით, უშუალოდ სამხრეთ კორეაში კორონავირუსი, სავარაუდოდ, რელიგიური ჯგუფებიდან გავრცელდა. ჯანდაცვის სპეციალისტების ინფორმაციით, რელიგიური ჯგუფის წევრი 61 წლის დაინფიცირებული ქალბატონი მსახურებას ესწრებოდა, რა დროსაც დაავადება სხვა პირებსაც გადასდო. ქრისტიანულმა ეკლესიებმა სამხრეთ კორეაში ეკლესიები დროებით დახურეს და მრევლისთვის ონლაინ ღვთისმსახურება ჩატარდება. რაც შეეხება რუმინეთს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკლესიამ ზიარებისთვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რასაც საქართველოს საპატრიარქოში უარყოფენ.


close დახურვა