logo
ENG



საპატრიარქო ძამას ხეობაში 5.4 მილიონ კვ.მ მიწის ფართს ითხოვს

25 მაი 202020:34
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მარტო ერთ ხეობაში ეკლესია 5 მილიონ ნახევარზე მეტი კვადრატული მიწის ფართს ითხოვს.

ე.წ. ბერების რესპუბლიკისთვის საპატრიარქო მილიონობით კვ.მ ფართობს წლებია ითხოვს. ძამას ხეობის ათვისებას მეუფე იობი საპატრიარქოს მდივნის და მისი იურისტის დახმარებით ცდილობს. ამ ეტაპზე საჯარო რეესტრში მიწის ფართობის მოთხოვნის 42 განცხადება ფიქსირდება, მათი ჯამური რაოდენობა კი 5 მილიონ 400 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. ძამას ხეობაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია kartli.ge-მ მოიძია. როგორც ცნობილია ამ ეტაპზე საპატრიარქო ნახევარ მილიონამდე კვ.მ ფართობს ფლობს.

საპატრიარქოს განცხადებაზე უარის თქმის მიუხედავად ადგილობრივი სასულიერო პირები ძამას ხეობაში არსებული 35-მდე სოფლიდან მიწებს თვითნებურად ითვისებენ. ფაქტს ადასტურებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილიც.

ფართების თვითნებურად მითვისების ფაქტს ადგილობრივი სასულიერო პირები არ ადასტურებენ. თუმცა საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემაში პრობლემას ვერ ხედავენ.

ძამას ხეობაში არსებული სიტუაცია პოლიტიკურ პროცესად აფასებენ არასამთავრობო სექტორში. მესამე სექტორი ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს და ფართობებთან დაკავშირებულ დავებში დახმარებას სთავაზობს.

გაუქმდება თუ დაკმაყოფილდება საპატრიარქოს მიერ ძამას ხეობაში მოთხოვნილი 5 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის განცხადებები ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

 

 

 

 


close დახურვა