logo
ENG



საპენსიო თანხა, რომელიც ეროვნული ბანკის ანგარიშზე ინახებოდა, 236 მილიონი ლარით შემცირდა

04 მარ 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქეების ხელფასიდან მოგროვებული საპენსიო თანხა, რომელიც ეროვნული ბანკის ანგარიშზე ინახებოდა, 236 მილიონი ლარით შემცირდა. შემცირდა კომერციული ბანკების ანგარიშზე მოგროვებული თანხაც. ირკვევა, რომ საპენსიო სააგენტომ ამ თანხის ინვესტირება გადაწყვიტა. ამიტომ 560 მილიონი ლარი ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მიმდინარე ანგარიშებიდან სხვა ანგარიშზე გადაიტანა. კერძოდ, კომერციული ბანკების დეპოზიტებზე განათავსა. 

ამ ტრანზაქციის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სააგენტო „ბი-ემ ჯიმ“, თანხის შემცირების შესახებ საპენსიო სააგენტოს კითხვით მიმართა. ამ კითხვის პასუხად გაირკვა ისიც, რომ საპენსიო სააგენტომ დროებით, ერთი თვით, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის სტატუსი მიანიჭა დავით წიკლაურს, რომელმაც ეს ტრანზაქცია განახორციელა. ის საინვესტიციო საბჭოს წევრია. ჟურნალისტები სააგენტოსგან ითხოვენ, რომ საკუთრი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უფრო აქტიურად გაავრცელოს. 

სააგენტოს საქმიანობის გაუმჭვირვალობა მთავრი პრობლემაა ოპოზიციის წევრებისთვისაც. პოლიტიკოსები ითხოვენ, რომ საპენსიო სააგენტომაც და ეროვნულმა ბანკმაც დეტალურად ახსნან მოქალაქეების დანაზოგის განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. 

ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ საკუთარი ფინანსების დაზოგისთვის მოქალაქეებს შუამავალი არ სჭირდებათ, თუმცა, რადგან საპენსიო ფონდი უკვე არსებობს მისი საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. სპეციალისტები მნიშვნელოვან პრობლემად იმასაც ასახელებენ რომ ფონდის საქმიანობის შეფასების პარამეტრები არ არსებობს. 

დაწვრილებითი განმარტებები საპენსიო სააგენტოში არ გაუკეთებიათ. მხოლოდ განმარტეს, რომ 560 მილიონი ლარის ინვესტიცია ორმაგ მოგებას მოიტანს და მოლაპარაკებებს სხვა საფინანსო ინსტიტუციებთანაც აწარმოებენ. სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარი პრესსამსახურმა ჟურნალისტების გარეშე ჩაწერა და თვითონ გაავრცელა.

საპენსიო სააგენტო მოქალაქეების დანაზოგს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში ინახავს. ორი დღის წინანდელი მონაცემებით, სააგენტოში მოგროვებული თანხა 615 მილიონ ლარს შეადგენს.

 


close დახურვა