დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ 30 დეკემბერს პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ინფორმაცია ფორმულას პენიტენციურ დაწესებულებაში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯანაშიას საპატიმრო ვადის (4 წელი) მოუხდელი ნაწილი - 11 თვე და 4 დღე, შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით.
"სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს დანიშნული საპატიმრო სასჯელის (4 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით, 11 თვითა და 4 დღით ადრე", - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალა 408 მსჯავრდებულს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.
2020 წლის 28 იანვარს გიორგი ჯანაშიამ დანაშაული აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. უზენაესმა სასამართლომ სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ ჯანაშიას სასჯელი შეუმცირა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯანაშიას 10 წლის ნაცვლად, 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, საიდანაც 4 წელი საპატიმროში უნდა გაეტარებინა, ხოლო 4 წელი ე.წ. პირობითი მსჯავრი უნდა ჰქონოდა.