ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის "უკიდურესად მნიშვნელოვანია".
"ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, ჩემი მოსაზრება გახლავთ, კრიტიკულად, თვისობრივად განსხვავებული იმისგან, რაც არის მოსაზრება, რომ თითქოს ჩინეთთან ურთიერთობა არ წარმოადგენს ინტერესის საგანს საქართველოსთვის. ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ჩინეთთან ურთიერთობა სწორედ რომ არის საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი", - ამბობს სარჯველაძე.
14 იანვარს, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
დელეგაციამ პეკინსა და შანხაიში შეხვედრები გამართა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გია ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი და ვიქტორ სანიკიძე. ქართული ოცნების წევრების ჩინეთში ვიზიტი 20 იანვარს დასრულდა.