ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილი "პატრიოტული სულისკვეთებით" არის გამსჭვალული. რაც შეეხება აშშ-ს ელჩთან შეხვედრას, სარჯველაძე ამბობს, რომ წერილმა გარკვეული ინტერესი უფრო გააღვივა.
"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თვითონ წერილი მთლიანობაში ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, რადგან იგი გამსჭვალულია, ერთის მხრივ, პატრიოტული სულისკვეთებით. ქვეყნისთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიციაა წარმოდგენილი და ერთმნიშვნელოვნად დადებითად შესაფასებელი დამოკიდებულებები, რომლებიც ამ საჭირბოროტო საკითხების მიმართ არსებობს", - თქვა სარჯველაძემ.
ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შესახებ კონკრეტული კომენტარებისგან თავს შეიკავებს:
"არსებობს ეს კითხვები, ბუნებრივია, რომ გარკვეული ინტერესი ამან კიდევ უფრო მეტად გააღვივა, ის კითხვები, რომელიც ისედაც არსებობდა და ამ შეხვედრის დადასტურებამაც გარკვეული როლი ითამაშა ინტერესის გაზრდის თვალსაზრისით. მაგრამ რაც შეეხება ამ თემაზე საუბარს, სამწუხაროდ არ მაქვს კვლავ შესაძლებლობა, რომ გარკვეულ დეტალებზე ვისაუბრო ამ საკითხების ირგვლივ და უმჯობესია ალბათ კონკრეტული კომენტარებისგან შევიკავო თავი".
ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 27 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა.
გარდა ამისა, წერილში ივანიშვილი პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა".