logo
ENG



სარჯველაძეს მიაჩნია, რომ შოვში მომხდარზე გამოძიების დაწყების მოთხოვნა პოლიტიკური ხმალაობაა

06 აგვ 202319:13
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან შოვში მომხდარზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას "პოლიტიკური ინტერესის მყრალი სუნი" სდის.

საჯრველაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ეს პოლიტიკური ხმალაობაა.

"საქართველოში მოიძებნებიან მათ შორის პოლიტიკური ძალები, რომლისთვისაც დღეს გამოძიების წარმოება და ეს საკითხები, პოლიტიკური ხმალაობის ატეხვა უფრო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე იქ სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა და ამ სამუშაოების მიმდინარეობა...

არ ვარგა უბრალოდ წინმსწრებად ისეთი განცხადებების კეთება, რომელსაც აუდის ძალიან მყრალი სუნი პოლიტიკური ინტერესის და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობების.

აქედან გამომდინარე, ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ პირველ რიგში ყველა დააკვირდეს სპეციალისტების შეფასებებს ამ საკითხების ირგვლივ, რა იქნება შეფასებები და იმის მიხედვით, რაც იქნება შეფასება, გამოძიება იქნება საჭირო, ჩატარდება გამოძიება. ეს ყველაფერი უნდა თქვას სპეციალისტთა ჯგუფმა, რომელიც შეისწავლის აქ მომხდარ ინციდენტს და შესაბამისად, აქედან გახდება ყველაფერი ცნობილი", - თქვა სარჯველაძემ.

დღეს, 6 აგვისტოს პარიამ ლელო საქართველო პროკურატურას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაავრცელოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, შოვში მომხდარ ტრაგედიაზე არის თუ არა დაწყებული გამოძიება სტიქიის მიზეზებისა და სახელმწიფო მოხელეების მხრიდან შესაძლო დანაშაულის კუთხით. გამოძიების დაწყებას ითხოვს ნაციონალური მოძრაობა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.   


close დახურვა