logo
ENG



სარჯველაძის თქმით, სერიოზული ინსტიტუტების ინდივიდუალურ შემთხვევაზე მორგება ცუდი პრაქტიკაა

21 აპრ 202317:28
3 წუთის საკითხავი
 
სარჯველაძის თქმით, სერიოზული ინსტიტუტების ინდივიდუალურ შემთხვევაზე მორგება ცუდი პრაქტიკაა

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ "სერიოზული ინსტიტუტების" ინდივიდუალურად მორკება კარგი პრაქტიკა არაა. მისი თქმით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოების პერსპექტივები მასშტაბურად უნდა გაანალიზდეს.

"ასე ემოციურად საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც ძალიან სერიოზულ თემებს უკავშირდება, არ შეიძლება. სერიოზულ თემებს უკავშირდება იმიტომ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოების პერსპექტივები მოითხოვს არამხოლოდ გრიგორიადისის საქმის პრიზმაში ამ საკითხის დანახვას, არამედ მასშტაბურ გაანალიზებას. გრიგორიადისის შემთხვევის შემდეგ დააინიციირა გირჩმა და როდესაც ბიუროზე ეს წარმოადგინეს, იქ გაკეთდა განცხადება, რომ გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით წარმოადგინეს. მე როგორ იურისტი ან საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი არ მგონია, რომ ეს მაინც და მაინც კარგი პრაქტიკა იყოს, როდესაც ერთ ინდივიდუალურ შემთხვევას ვარგებთ ხოლმე ძალიან სერიოზულ ინსტიტუტებს. ეს რეალურად ამახინჯებს სამართლებრივ სისტემას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

20 აპრილს დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ გია კალანდაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ აქვს სურვილი, ლაზარეს საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. 

21 აპრილს მარტის აქციების კიდევ ერთმა ბრალდებულმა თორნიკე აკოფაშვილმა და თავისუფლების ინსტიტუტმა წარადგინეს პეტიცია, რომლითაც ითხოვენ ბრალდებული აქტივისტის საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

საქართველოს კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებისთვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობის, ტრეფიკინგის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებები. პირის ბრალეულობას ან უდანაშაულობას, პროფესიონალი მოსამართლის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები ადგენენ, რომლებიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.


close დახურვა