დღეს, 18 ივლისს სასამართლო სოსო გოგაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი - 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
საქმეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი განიხილავს.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს სპეცოპერაციით დააკავეს.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით.
სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში, პროკურატურის განცხადებით, გრიფით საიდუმლო მასალებია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, საქმის არსებითი განხილვა დახურულ რეჟიმში წარიმართოს.
რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლს - საუბარია რუსეთის 2 მოქალაქის, კონსტანტინე რომანოვსკის და დავით ადამიას საჩივრებზე, რომელთა საფუძველზეც არის დაკავებული სოსო გოგაშვილი.
ამ ორი ადამიანის სახელი ტვ პირველის ეთერში გასულ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეს. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გოგაშვილს ჰკითხა, ხომ არ იყო ეს ორი ადამიანი რუსეთის აგენტი, რაზეც გოგაშვილმა უპასუხა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ.
კონსტანტინე რომანოვსკიმ სოსო გოგაშვილს მორალური ზიანის მიყენებისთვისაც უჩივლა.
რაც შეეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, გოგაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სახელზე 13 რეგისტრირებული იარაღია, ხოლო ის 2 დაურეგისტრირებელი იარაღი, რომლის უკანონო ფლობასაც ედავებიან, მას ჩაუდეს.
***
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, გამთენიისას სპეცოპერაციით დააკავეს.
ადვოკატების თქმით, დაკავების შემდეგსოსო გოგაშვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა - აქვს შეშუპებული ლოყა და კიდურებზე დაზიანებები აღენიშნება.
ამასთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. სავრაუდოდ, ჩატარდება ექსპერტიზაც.
დაკავების დროს გაჩხრიკეს გოგაშვილის და მასთან დაკავშირებული ადამიანების სახლებიც. მისი შვილის თქმით, სახლებიდან წაიღეს ტელეფონები, კომპიუტერები, პლანშეტები, მეხსიერების ბარათები.
დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ჰქონდა 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა.
რამდენიმე დღის წინ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც
სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.