თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების - ვაჟა გიგაურის, გიორგი სახელაშვილის და სულიკო საყევარაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე გიორგი კერატიშვილი გადაწყვეტილებას 25 აგვისტოს გამოაცხადებს.
სანაიამ ამბობს, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადება დღესვე შეეძლო, თუმცა პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.
ჟურნალისტი საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს ელის და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოსამართლემ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს.
"მე მტკიცებულებებით დავადასტურე, თუ რა მოხდა იქ 25 თებერვალს. მოსამართლემ გადადო საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება 25 აგვისტოს, რაც გაუგებარია ჩემთვის. ცდილობს, რომ ამ აგვისტოს დღეებში კიდევ გადაწიოს პროცესი, ივლისშიც ასე მოიქცა, როდესაც 5 ივლისი მოხდა და ეს ფონი იყო, მან არ მიიღო გადაწყვეტილება. ნახევარი საათი მიმდინარეობდა პროცესი და მას დღესვე შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, იცის რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩვენ ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, სხვა განაჩენი აქ არ შეიძლება იყოს", - თქვა სანაიამ.
პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილი.
ცნობისთვის, ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.
შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი - ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი დააკავა. მათ ბრალად პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა ედებათ. სამივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.