logo
ENG



სასამართლო სისტემა უნდა აშენდეს ნულიდან, ის არც ერთ დონეზე არაა დამოუკიდებელი-გოცირიძე

24 ივნ 202013:41
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლოში კლანური მმართველობის აღიარებასთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიციატორი დეპუტატები ამბობენ, რომ სრული ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერის შემთხვევაში, პროექტს ექნება საკმარისი მხარდაჭერა.

როგორც ეკა ბესელია განმარტავს, თუკი ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმს დაარღვევენ და ხმის მიცემის პროცედურას დაესწრებიან, მათ მიერ ინიცირებულ პროექტს ექნება მხარდაჭერა.

„ტექსტში არის როგორც შეფასება, ისე კონკრეტული საკითხები. უნდა შეიქმნას კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს სისტემური პრობლემები და დაიგეგმოს ცვლილებები, რომლითაც მმართველობა უნდა დაიძლიოს. ოპოზიციურ პარტიებში არიან მხარდამჭერები. არ ვიცი, შემოვლენ თუ არა ბოიკოტის გამო. თუ სრულად კონცენტრირება მოხდება ოპოზიციური ხმების, შესაძლებელია ამ პროექტმა მიიღოს საკმარისი მხარდაჭერა", - აცხადებს ეკა ბესელია.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა უნდა დაინგრეს და ახლიდან აშენდეს, რადგან არც ერთ დონეზე ის დამოუკიდებელი არაა.

„საქართველოს მართავს მოსამართლეთა კლანი, სინამდვილეში კლანი არის ინსტრუმენტი. საქართველოში არც ერთი დონის სასამართლო არაა დამოუკიდებელი. სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობას აღიარებს გამოკითხვების შედეგებიც. ეს სისტემა უნდა აშენდეს ნულიდან", - ამბობს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სასამართლოში კლანური მმართველობის აღიარებასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და ნატო ჩხეიძის ინიცირებულ რეზოლუციას უყრიან კენჭს.


close დახურვა