მოსამართლე გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეომასალების დაცვის მხარისთვის სრულად გადაცემაზე.
კერძოდ, შალვა ხაჭაპურიძემ მოითხოვა 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით არსებული ყველა ვიდეო მასალა.
დაცვის მხარე ითხოვს კადრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, გორის ჰოსპიტლიდან და კლინიკა ვივამედიდან. ასევე ეპიზოდებს, რომლებშიც ყოფილი პრეზიდენტის გონების დაკარგვაა ასახული.
"მიმაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის სამსახურს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დაცული ვიდეომასალა 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, რაც მათ ავთ დაარქივებული და მიუწვდებათ ხელი, გადასცენ დაცვის მხარეს. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს სრულად, აღსრულების ნაწილი მინდობილია პენიტენციურ სამსახურზე"- თქვა მოსამართლე გიორგი არევაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილს დღეს სხდომაზე დისტანციურად დასწრება სურდა. როგორც მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, კლინიკაში ამისთვის ყველაფერი მზად იყო და მხოლოდ პენიტენციურის პასუხს ელოდებოდნენ. ამის შესახებ ისაუბრა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემაც და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად დასასწრებად მზად იყო.
გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით "გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი" და ამტკიცებდა, რომ ამის ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს. როგორც ბრეგაძე ამბობდა, იმ შემთხვევაში, თუ "არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები", იძულებული გახდებიან გაასაჯაროონ გარკვეული ვიდეო მტკიცებულებები.
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.
გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა - ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. რასა იუკნევიჩიენემ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი მათ სინდისზე არ იყოს. ამის შესახებ ისაუბრა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა გაიაროს.