ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა ალტერნატივას აქტივისტს, ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მას თანხის გადასახდელად 40-დღიანი ვადა მისცა. ამასთან, ფანგანი კვირაში ერთხელ გამომძიებელთან უნდა გამოცხადდეს.
ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ფანგანს აეკრძალა დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება მანამ, სანამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი.
წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალს გაიმართება.
ირაკლი ფანგანმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი 23 იანვარს დააყარა. ამ გზით მან ჩავლეიშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტა - ის ოპოზიციის სიით არჩეული დეპუტატია, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა.