გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 6 არასრულწლოვანს პატიმრობის წლები განესაზღვრა.
კერძოდ: ლ.შ-ს, ნ.ც-სა და გ.მ-ს, სასამართლო ჯგუფურ ძალადობასა და მის ორგანიზებას ედავებოდა და მათ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ; ნ.ქ-ს ჯგუფურ ძალადობას ედავებოდნენ და სასჯელის სახით მას 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა; ა.ქ-სა და ზ.ხ-ს, ხსენებული მუხლების გარდა თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავებოდნენ. ორივე ბრალდებულს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.
აღნიშნავია, 6 არასრულწლოვნიდან 5 ამ ეტაპზე უკვე სრულწლოვანია, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით ყველა მათგანს ბრალი ერთი მეოთხედი წლით შეუმცირდა, რადგან დანაშაულის ჩადენის დროს ისინი არასრულწლოვნები იყვნენ.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. როგორც მსჯავრდებულების ადვოკატები ამბობენ, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვნის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 13 ნოემბერს გამოიტანა და 6-ვე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მუხლიც.
პროკურატურის ვერსიით, გიორგი შაქარაშვილს 5-მა ადამიანმა სასტიკად სცემა, შემდეგ მისი ცხედარი მდინარეში გადააგდო. არც ერთი მათგანი: ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ორი არასრულწლოვანი - ზ.ხ. და ა.ქ. ბრალს არ აღიარებს.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 ადამიანია დაკავებული.