13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულის ოჯახმა სიმართლეს 5 წლის შემდეგ მიაკვლია. სააპელაციო სასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დავით გაბიტაშვილის სიცოცხლის მოსპობაში დაადანაშაულა. იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი მინისტრი, ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა, რომელსაც დღეს განმარტებების გაკეთება არ სურს. სასამართლომ კი დაადგინა, რომ სახელმწიფო უწყებებმა ვერ შეძლო თავისი ვალდებულებების შესრულება, რამაც გაბიტაშვილის გარდაცვალება გამოიწვია. ირკვევა, რომ ტრაგედიის მასშტაბები და სტიქიის შესაძლო შედეგები სახელმწიფოსთვის წინასწარ ცნობილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ უწყებებმა ადამიანების გადასარჩენად სათანადოდ არ იმოქმედეს. შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალმა კი 200 მილიონი ლარი შეადგინა. სწორედ ამას ამტკიცებდა, წლებია, დაღუპულის ძმა, რომლის თქმითაც, გზის გადაკეტვის შემთხვევაში, დავით გაბიტაშვილი გადარჩებოდა. გაბიტაშვილი ახალ გზაზე სტიქიის დროს მანქანით გადაადგილდებოდა, მისი ცხედარი ოჯახმა რამდენიმე დღის შემდეგ იპოვა. გარდაცვლილს სწორედ დღეს 45 წელი შეუსრულდებოდა.
13 ივნისის სტიქიის დროს მსხვერპლის აცილება შესაძლებელი იყო - ასეთია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დავით გაბიტაშვილი სტიქიურ ზონაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა და დაიღუპა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა გამართულად ვერ იმუშავეს.
სასამართლომ თქვა, რომ გომელაურის უწყებამ ვერ უზრუნველყო ადამიანების უსაფრთხოება და სიცოცხლე. მიუხედავად ამისა , რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ის მინისტრად მაინც დააბრუნეს.
დავით გაბიტაშვილი 2015 წლის 13 ივნისს 00:30 წუთზე სტიქიის ზონაში ვაკიდან, რამიშვილის ქუჩიდან მოხვდა, გაიარა საპატრულო პოლიციის შენობა და ჩავიდა ე.წ. ახალ, ვაკე-საბურთალოს გზაზე, მაშინ როდესაც პირველი გამოძახება ინტენსიური წვიმის შესახებ 3 საათით ადრე დაფიქსირდა. ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია დავით გაბიტაშვილთან ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც წყლის დონემ ვერის გვირაბი გაანგრია და ხეობა დატბორა. 39 წლის გაბიტაშვილმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო, თუმცა მაშველების დაგვიანებული რეაგირების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას ოჯახი 3 დღე ეძებდა.
გაბიტაშვილების ოჯახი პირველივე დღიდან ამტკიცებდა, რომ დავით გაბიტაშვილი არა სტიქიამ, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების გაუმართავმა ფუნქციონირებამ მოკლა.
ოჯახის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. 2015 წლის ივნისში 4 სტრუქტურის წინააღმდეგ მათ სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანეს.
საქალაქო სასამართლომ გაბიტაშვილების სარჩელი არცერთ ნაწილში არ დააკმაყოფილა. სააპელაციომ კი პირიქით, 4-ვე სტრუქტურა დავით გაბიტაშვილის სიკვდილში არა ეფექტური მუშაობის გამო, დამნაშავედ ცნო. ოჯახის მოთხოვნით, შსს მორალური ზიანის, სიმბოლური 13 ლარის ანაზღაურებაც მოუწევს.
13 ივნისის სტიქიის დროს 23 ადამიანი დაიღუპა, სახელმწიფომ დაახლოებით 200 მილიონი ლარის ზარალი მიიღო - 5 წლის შემდეგ მოსამართლე შოთა გეწაძემ თქვა, 13 ივნისის დამანგრეველი სტიქიის აცილება სახელმწიფოს შეეძლო ხალხის გადარჩენა, თუმცა არაფერი გააკეთა. მოსამართლემ თქვა, რომ ეროვნულ სააგენტოს არაფერი გაუკეთებია სტიქიის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლემ გამოაცხადა, რომ შსს -ს რეაგირება არაეფექტური იყო. გამოძახებებზე ან საერთოდ არ ხდებოდა პასუხი ან ეს არ იყო ადეკვატური. სტიქიის ზონაში 00 საათსა და 30 წუთზე მისასვლელი გზები უნდა ყოფილიყო ჩაკეტილი. წესით ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, დავით გაბიტაშვილი ვერ უნდა მისულიყო, მაგრამ მივიდა - ამბობს, მოსამართლე. ყველა მტკიცებულება ადასტურებს, რომ უწყებებს უნდა სცოდნოდა სტიქიის შესახებ და უნდა აეცილებინათ თავიდან.