შეკვეთილში მდებარე სასტუმრო პარაგრაფის სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც "ფორმულას" სასტუმროში უთხრეს, მას ინფექცია პარაგრაფიდან წასვლის შემდეგ, თბილისში დაუდასტურდა, ხოლო სასტუმროს თანამშრომლებს, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა, ტესტირება ჩაუტარდათ. პასუხები უარყოფითია.
"მოგახსენებთ, რომ პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა Covid-19, არ არის სასტუმროს პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილის შტატში რიცხული თანამშრომელი და იმყოფებოდა სასტუმროში დროებით. მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ ბათუმში და იგი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა მათთან.
აღნიშნულ პირს ვირუსი დაუდასტურდა თბილისში ყოფნისას და იგი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. რამდენიმე თანამშრომელს, რომელიც იყო მასთან პირდაპირ შემხებლობაში, უტარდებათ ტესტირება და ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი პროცედურების სრული დაცვით იმყოფებიან იზოლაციაში.
სასტუმროს ტერიტორიაზე კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, სასტუმროს ახლანდელ და მომავალ სტუმრებს მყისიერად მიეწოდებათ ამის შესახებ ინფორმაცია. სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას", - აცხადებენ სასტუმროში.
დღეს, 8 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. დაინფიცირება 45 ადამიანს დაუდასტურდა.