კვლავ მძიმეა მარნეულში ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა . საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ლალი ტურაბელიძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კრიტიკული. ინტენსიური დაკვირვების ქვეშ რჩება მარნეულიდან შემოყვანილი მეორე პაციენტი, რომელსაც კონტაქტი დაავადებულ ქალთან ჰქონდა.
„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა , მაგრამ სტაბილურია. კიდევ ერთი პაციენტი შემოიყვანეს მარნეულიდან, ამ ქალბატონის კონტაქტი იყო. სიცხით შემოიყვანეს, მაგრამ დღეს მისი მდგომარეობა უკეთესია. ჯერჯერობით პნევმონია არ აქვს“, - განაცხადა ტურაბელიძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 8 პაციენტი.
ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული.