logo
ENG



საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი: საფრანგეთი მხარს უჭერს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას

19 აპრ 202213:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/19/h0sare0vovge68s.png

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს სანქციების გაფართოებას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის მიზნით.

"როდესაც ხედავთ რა ხდება დონბასში, როგორც არასდროს, ისეა საჭირო რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტა."  - განუცხადა ლე მერმა რადიოსადგურ Europe 1-ს.

ლე მერმა თქვა, რომ ნავთობი "პუტინის რეჟიმის ვალუტის პირველი წყარო იყო რამდენიმე წლის განმავლობაში" და ამიტომ "რუსული ნავთობის იმპორტის შეჩერება ნიშნავს ზიანის მიყენებას უკრაინაში ომის დაფინანსებისთვის  რუსეთის ხელისუფლების მიერ."

ლე მერმა ასევე თქვა, რომ საფრანგეთი ცდილობდა დაეყოლიებინა ევროპელი პარტნიორები, შეეჩერებინათ რუსული ნავთობის იმპორტი, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა "ყოყმანობს" ამის გაკეთებას.

"მიზეზი, იმისა რომ ჩვენ ჯერ არ მიგვიღია ზომები ამ თემასთან დაკავშირებით, არ არის ის, რომ საფრანგეთს ეს არ სურს. ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არსებობენ გარკვეული ევროპელი პარტნიორები, რომლებიც ყოყმანობენ."- ამბობს საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი. 

ამ თვის დასაწყისში CNN-თან საუბრისას, ბრუნო ლე მერმა თქვა:

"საფრანგეთი შეშფოთებულია, ჩვენ მზად ვართ წავიდეთ უფრო შორს და გადავწყვიტოთ ნავთობის აკრძალვა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგი ნაბიჯები და შემდეგი დისკუსიები ფოკუსირებული იქნება რუსული ნავთობის აკრძალვაზე."

შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ  რუსული ნახშირის ყველა ფორმის აკრძალვაზე. ევროკომისიის ვარაუდით,  ეს ნაბიჯი გავლენას მოახდენს წელიწადში დაახლოებით 8 მილიარდ ევროს (8,7 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების რუსულ ექსპორტზე.

8 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმეორა მოწოდება ნავთობის ემბარგოს შესახებ და თქვა: "როდემდე შეუძლია ევროპას უგულებელყოს ემბარგოს შემოღება რუსეთიდან ნავთობის მიწოდების წინააღმდეგ?"

ევროკომისია ამბობს, რომ  ბუნებრივი გაზის იმპორტის დაახლოებით 45% და ნავთობის დაახლოებით 25% რუსეთიდან მოდის. ომის დაწყებიდან ევროკავშირმა დაახლოებით 35 მილიარდი ევროს (38 მილიარდი დოლარი) ღირებულების რუსული ენერგია შემოიტანა. 


close დახურვა