logo
ENG



საფრანგეთში დემონსტრაციებია მას შემდეგ, რაც პოლიციამ 17 წლის მოზარდი მოკლა

29 ივნ 202311:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/29/cvb626sz0iswz71.jpg

პარიზსა და მის გარეუბნებში, ასევე საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში უკვე ორი დღეა არეულობა გრძელდება. მოქალაქეები პოლიციის მიერ 17 წლის მძღოლის მკვლელობას აპროტესტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე 150 ადამიანია დაკავებული.

არეულობის მონაწილეებმა გადაკეტეს ქუჩები, ცეცხლი მოუკიდეს ავტომობილებს, პოლიციელებს ფეიერვერკები ესროლეს. პოლიცია კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებდა.

უცნობმა პირებმა ქალაქ ფრენში, ქვეყანაში სიდიდით მეორე ციხის დაცვის პუნქტს ფეიერვერკები გაუხსნეს. Le Monde-ს ინფორმაციით, ციხის ტერიტორიაზე შეღწევა მათ ვერ მოახერხეს.

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები იყო ლილში, ტულუზასა და ლიონშიც.

17 წლის მოზარდი 27 ივნისს პარიზის გარეუბანში, ნანტერში მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის საჭესთან მჯდომმა ნაელ მ.-მა უარი თქვა დამორჩილებოდა მათ მოთხოვნას, რის გამოც ესროლეს. თუმცაღა მოგვიანებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერში, რომელიც სოცქსელებში მოხვდა, ჩანს, რომ ავტომობილის შემოწმების დროს ერთ-ერთ პოლიციელს მოზარდი მიზანში ჰყავს ამოღებული. როდესაც ავტომობილი დაიძრა, პოლიციელმა ისროლა და მძღოლს მკერდში მოარტყა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა 17 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოახერხეს. როგორც ცნობილია, ბიჭი წარმოშობით ალჟირელი იყო. 

Rfi-ს ინფორმაციით, 38 წლის პოლიციელი, რომელმაც მძღოლს ესროლა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იგი ამბობს, რომ ისროლა, რადგანაც ეგონა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. 

სროლის დროს მანქანაში კიდევ ორი ადამიანი ​​იმყოფებოდა. ერთი გაიქცა, მეორე კი, ასევე არასრულწლოვანი, პოლიციამ დააკავა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის შოკირებულია მომხდარით და მოუწოდა ძალადობის შეწყვეტისა და სიმშვიდის გამოვლენისკენ. ამასთან, ქვეყანაში მიმდინარე არეულობას მან "გაუმართლებელი" უწოდა.

კომენტარი გააკრიტიკეს პოლიციის პროფკავშირში, სადაც განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ნაადრევად გადაწყვიტა ოფიცრების გასამართლება.


close დახურვა