საქაერონავიგაცია უარყოფს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის თვითმფრინავს დასაფრენ ბილიკზე შეექმნა. გერმანულმა Spiegel-მა დაწერა, რომ სამთავრობო თვითმფრინავი თბილისში მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაჯდა. Spiegel-ის ცნობით, მიზეზი ის იყო, რომ ასაფრენ ბილიკზე სხვა თვითმფრინავი იყო, რომელიც სამთავრობო თვითმფრინავის დაჯდომას ხელს უშლიდა.
საქაერონავიგაცია განცხადებაში ამტკიცებს, რომ პირველადი ინფორმაციით, მეორე წრეზე წასვლა სრულად პილოტის გადაწყვეტილება იყო.
"გუშინ, 23 მარტს, თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა.
საქაერონავიგაცია კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი.
პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული - ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება", - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრის Airbus A340-300 თბილისში ადგილობრივი დროით 23:00 საათზე უნდა ჩასულიყო. Spiegel წერს, რომ თვითმფრინავი აეროპორტში დაახლოებით 23:20 საათზე დაჯდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში 2 დღის განმავლობაში იქნება.