logo
ENG



საქართველო-ესპანეთის მატჩზე დამსწრეებს 28 მარტს ღამის 12 საათამდე შეეძლებათ გადაადგილება

18 მარ 202119:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/18/yuhg67sy571mfjl.jpg

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის დავით მუჯირის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც 28 მარტს საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრებიან, გადაადგილების უფლება ღამის 12 საათამდე ექნებათ.

მუჯირის თქმით, დინამო არენა რეგულაციების დაცვით დაახლოებით 15 500 გულშემატკივარს მიიღებს.

"ჩვენ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა. სამწუხაროდ 30%-მდე არის შეზღუდული უეფას რეგულაციებით და დღევანდელ დღეს შესაბამისი სტრუქტურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ეს კვოტა მაქსიმალურად იქნება ათვისებული. დაახლოებით 15 500 გულშემატკივარს ექნება საშუალება, დინამო არენაზე უგულშემატკივროს საკუთარ გუნდს.

შესაბამის სტრუქტურებთან ხვალ კიდევ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა და საბოლოო ჯამში, ყველა რეგულაცია ორშაბათს ცნობილი იქნება ქართველი გულშემატკივრებისთვის. ვინც მატჩის ბილეთს შეიძენს, იქნება ბაზაში პირადი ნომრით რეგისტრირებული და ღამის 12 საათამდე გადაადგილების უფლება ექნებათ", - განაცხადა დავით მუჯირმა.

ცნობისთვის, წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს, 20:00 საათზე, ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება.


close დახურვა