logo
ENG



საქართველო აღდგომას აღნიშნავს - როგორ ჩატარდა ლიტურგია სხვადასხვა ეპარქიაში

19 აპრ 202020:00
3 წუთის საკითხავი
 

სააღდგომო ლიტურგიაზე ქუთაისის ბაგრატის ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო. მრევლი აქ კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდა და ტაძარი დილით დატოვა. შენობაში მლოცველები დისტანციის დაცვას ცდილობდნენ, თუმცა მათი ნაწილი დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე იდგა. გამთენიისას, ეკლესიის ეზოში გამართული სადღესასწაულო მსვლელობის დროს კი სოციალური დისტანციის წესიც დაარღვიეს. 

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა წუხელვე, სააღდგომო ქადაგებაში, მორიგი ხალხმრავალი შეკრება დააანონსა. თავდაპირველად იგი 21 აპრილს, გარდაცვლილთათვის დიდი პანაშვიდის გადახდას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით თარიღი შეცვალა. მას იმედი აქვს, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს საფლავებზე გასვლას არ აუკრძალავს.

ღამისთევით შეიკრიბნენ მრევლი და სასულიერო პირები ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაშიც, სადაც სააღდგომო ღვთისმსახურება მეუფე პეტრე ცაავას შემცვლელმა, ახალმა ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ პირველად აღავლინა. ღამის სადღესასწაულო ღვთისმსახურება ღია ცის ქვეშ ჩატარდა. 

განსხვავებული ვითარება იყო ფოთის ეპარქიაში, სადაც ღამის განმავლობაში, სასულიერო პირები მრევლის გარეშე ლოცულობდნენ. ფოთის ეპისკოპოსია ერთ-ერთია იმ რამდენიმე გამონაკლის სასულიერო პირს შორის, რომლებმაც მრევლს მოუწოდეს, რომ კომენდანტის საათი არ დაერღვიათ და ღამით ეკლესიებში არ მისულიყვნენ. მრევლისთვის სადღესასწაულო ღვთისმსახურება დილის 7 საათიდან დაიწყო. 

დილის 7 საათისთვის შეიკრიბა მრევლი ბათუმის ეპარქიის ტაძრებშიც. კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ დაიწყო სააღდგომო ღვთისმსახურება ზუგდიდშიც, სადაც სადღესასწაულო წირვა მშენებარე ტაძარში ჩატარდა. ზუგდიდშიც და ბათუმშიც მლოცველები ტაძრებში უსაფრთხოების წესების დაცვას ცდილობდნენ, თუმცა ტაძრის გარშემო სადღესასწაულო მსვლელობის დროს სოციალური დისტანცია ამ შემთხვევაშიც ირღვეოდა. 

ეპარქიების ნაწილში, ბრწყინვალე შვიდეულის დასრულების შემდეგ, ტაძრებში მიცვალებულთათვის დიდი პანაშვიდების გადახდა იგეგმება. თუმცა იმის გამო, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას 10 მაისამდე გეგმავს, ხალხმრავალი შეკრებების და საფლავების მონახულების აკრძალვები,  სავარაუდოდ, კვლავ ძალაში დარჩება.  


close დახურვა