Heritage Foundation-მა 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 68.7-ია და 2023 წლის ინდექსში 35-ე ადგილს იკავებს.
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მოიცავს 12 კრიტერიუმს - საკუთრების უფლებიდან ფინანსურ თავისუფლებამდე - 176 ქვეყანაში. საქართველოს ქულები შეფასების 12 კრიტერიუმიდან 8-ში შემცირდა, 2-ში უცვლელად დარჩა, ხოლო 2-ში გაუმჯობესდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეიტინგში 9 ადგილით ჩამოქვეითდა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მსოფლიო რეიტინგში ქვეყანა კვლავ მოწინავე პოზიციებზეა.
პაპუაშვილი კვლავ ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლოდ უთხრეს.
"ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითაც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კვლევის თანახმად, სხვა პარამეტრებთან ერთად, მართლმსაჯულების ეფექტიანობითაც, საქართველოს, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალი შედეგი აქვს ეს კვლევა, ისევე როგორც იანვარში ევროკომისიის მიერ გასაჯაროებული საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საბოლოო შეფასებები, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად უსამართლო იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა", - წერს პაპუაშვილი.
შეფასების კრიტერიუმები:
-
საკუთრების უფლება - 54.3 (ცვლილება - -9.5)
-
მართლმსაჯულების ეფექტიანობა - 55.5 (ცვლილება - -0.9)
-
სახელმწიფოს კეთილსინდისიერება - 62.9 (ცვლილება - -1.5)
-
ბიზნესის თავისუფლება - 69.8 (ცვლილება - -4.3)
-
შრომის თავისუფლება - 62.1 (ცვლილება - 0.2)
-
მონეტარული თავისუფლება - 72.0 (ცვლილება - -4.0)
-
საგადასახადო ტვირთი - 89.1 (ცვლილება - არ აქვს)
-
მთავრობის ხარჯები - 70.0 (ცვლილება - -2.7)
-
ფისკალური სტაბილურობა - 43.0 (ცვლილება - -24.1)
-
საგარეო ვაჭრობის თავისუფლება - 86.0 (ცვლილება - -0.6)
-
ინვესტირების თავისუფლება - 80.0 (ცვლილება - არ აქვს)
-
ფინანსური თავისუფლება - 80.0 (ცვლილება - 10.0)
Heritage Foundation-ი აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრია, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. აღნიშნული რეიტინგი კვლევითმა ცენტრმა 2 მარტს გამოაქვეყნა.