გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი - საქართველოს მთავრობა საზღვარს 5 სახელმწიფოსთან ხსნის. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტი მხოლოდ საჰაერო გზით შეეძლებათ.
„ჩვენ სიფრთხილით ვდგამთ თითოეულ ნაბიჯს და ვაანალიზებთ ყველა ჩვენს მოქმედებას. დღეისათვის, იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ საზღვრები გაუხსნა მათ შორის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ მყოფს სახელმწიფოებსაც. ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს, შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მან ასევე განმარტა, რაც პროცედურა უნდა გაიარონ საზღვარზე შემოსვლისას ზემოხსენებული ქვეყნების მოქალაქეებმა.
„საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა და ამ ინფორმაციაში იქნება გათვალისწინებული, რომ თითოეულმა მგზავრმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.