საქართველოში ჩარტერული ფრენების დაწყების გადაწყვეტილება კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ მიიღო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ყირგიზული Air Manas-ი ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით შეასრულებს რეისებს.
"კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა სასიხარულო ამბავია. თითოეული ახალი ავიაკომპანია, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენს ავიაბაზარს ემატება, ძალიან კარგი მოვლენაა და ტურიზმის სწრაფად აღდგენას მოასწავებს. ამავდროულად ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყირგიზეთსა და საქართველოს შორის იწყება ავიამიმოსვლა. ასე რომ, ველოდებით ყირგიზ სტუმრებს არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas-ი ბიშკეკი - ბათუმი -ბიშკეკის მიმართულებით 18 ივლისიდან დაიწყებს ოპერირებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელებას მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით გეგმავს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 17 ივნისს მიენიჭა.