logo
ENG



საქართველოს დაშინება რუსეთის ჩვეული პოლიტიკაა - მედვედევის განცხადების შეფასებები

19 ოქტ 201920:51
3 წუთის საკითხავი
 
atby0qgwsu4kpef.jpg

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ მედვედევის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით ქართველმა პოლიტიკოსებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს. მედვედევის თქმით, ნატოში შიდა კონფლიქტების მქონე ქვეყნების „შეტყუების მცდელობები“ საფრთხეს წარმოდგენს. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება საქართველოზეც გაამახვილა. 

რუსეთის მთავრობის მორიგ გზავნილს ოპოზიციაში კონკრეტული გარემოებით ხსნიან. უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ რუსეთს საქართველოს ნატოში გაწევრება აშინებს, თუმცა ქვეყნის შიგნით მოქმედებენ გარკვეული ძალები, რომლებიც რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ აქტიურად მუშაობენ. 

"რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან ძალიან ტიპური განცხადებაა. მათ ძალიან აშინებთ საქართველოს ნატოში გაწევრიანება, რადგან, ამ შემთხვევაში, საქართველო იქნება დაცული. პროპაგანდას აწარმოებენ საპირისპიროს და ამას ჩვენთან  გარკვეული ძალები იტაცებენ - შევეშვათ ნატოს, თორემ რუსეთი თავს დაგვესხმება. საქმე პირიქითაა - რუსეთი დღეს გვესხმის თავს და დღევანდელი მოვლენებიც ამის მაჩვენებელია და ზოგადად, მთელი ჩვენი ისტორია. საქმე არის შემდეგში - ნატოში გაწევრიანების შემდედ ამის განხორციელება მათ ვეღარ შეეძლებათ", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა ბოკერიამ. 

უმრავლესობაში კი ამტკიცებენ, რომ ქვეყნის დასავლური პოლიტიკა გარდაუვალია.

"რუსეთისგან და მისი პირველი პირებისგან ადეკვატურ შეფასებებს და პოლიტიკას არ უნდა ველოდოთ. ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოსთვის უსაფრთხო მეზობელი უნდა იყოს სასიხარულო და მისაღები. ნატო არის ის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომლის მთავარი მიზანი მშვიდობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობააა", - განმარტა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. 

ოპოზიციის მოსაზრებას იზიარებენ საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტები. მათი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრება სულ უფრო რეალისტური შეიძლება გახდეს თუ გავითვალისწინებთ მის მზარდ ინტერესს შავი ზღვის რეგიონის მიმართ. ამიტომ ახლა რუსეთი მისთვის ჩვეულ პოლიტიკას განარგრძობს და ქვეყნის დაშინებას ცდილობს.

"რუსეთი ხვდება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალისტურობა უფრო შესაძლებელი ხდება. სწორედ ამ ზოგადი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ხდება შავ ზღვაზე. სწორედ ესაა საქართველოსთვისაც შანსი, რომ თავისი უსაფრთხოების ინტერესები გაითვალისწინოს. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ამ მხრივ არანაირ ნაბიჯს არ დგამს, რადგან მისი არჩეული პოლიტიკაა რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა. რაც, საბოლოო ჯამში, უარეს შედეგს გამოიღებს", - აცხადებს „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.

ქუთელიას ეთანხმება ზვიად აძინბაიაც, რომლის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს დაშინება ჩრდილოეთ ოკუპანტი ქვეყნისთვის ჩვეული პოლიტიკის ნაწილია. 

„კრემლს  დიდი ხანია ერთი და იგივე პოლიტიკა აქვს, რომელშიც იგულისხმება საქართველოს, მისი მოქალაქეების დაშინება.  მათ შორის დასვლეთის გარკვეული სახელემწიფოებისაც, რომ არ გაბედონ სახელწიფო ნატოში შევიდეს ოდესმე. ასევე ემუქრებოდა რუსეთის ბიუროკრატია იმ სახელმწიფოებს, რომლებიც უკვე არიან ნატოში. ერთი წამითაც არ უნდა დავშინდეთ მისი განცხადებით. ზუსტად ამ მიზნით აკეთებს იმას, რასაც აკეთებს", - განმარტავს საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი ზვიად აძინბაია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ბელგრადში ვიზიტის წინ სერბული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნების ნატოში გაწევრებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოები ასჯერ უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ალიანსში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათ შორის საქართველოც იგულისხმა.  

 


close დახურვა