საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს წყვეტს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნულ პლატფორმასა და პარლამენტს შორის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა, თანამშრომლობის პროცესმა კი პოზიტიური წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.
ორგანიზაციამ 4 აპრილს მემორანდუმი შეაჩერა და მოუწოდა პარლამენტს, გაეწვიათ რუსული კანონი.
"პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს მცდელობა არ დაუკლიათ - ჩართულიყვნენ "უცხოური გავლენის“ კანონპროექტის შესახებ საგნობრივ მსჯელობაში, მათ შორის საკომიტეტო მოსმენების ფარგლებშიც, მაგრამ ამაოდ. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ შეისმინა ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა, დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების რჩევა, გაეწვიათ რუსული კანონი.
14 მაისს მე-10 მოწვევის პარლამენტმა მე-3 მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მიღებამდე განვითარებული ძალადობის, დაშინების, სტიგმატიზაციისა და განსხვავებული აზრის დევნა დააკანონა. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება!
ჩვენ, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულს, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარე მასშტაბური რეპრესიების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა და მშვიდობიანი პროტესტით იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული პლატფორმა საბოლოოდ წყვეტს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან"- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში ერთიანდება 150-ზე მეტი ორგანიზაცია, რომელთა მთავარი მიზანი - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერაა.