საქართველოს მთავრობის ცნობით, თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნიან. ამის შესახებ მთავრობა განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან", - აღნიშნულია განცხადებაში.
Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა. გამოცხადდა "მე-4 დონის განგაში", რომელიც საერთაშორისო დახმარებას მოითხოვს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17,9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა.
რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, გადარჩენილებს კი ნანგრევების ქვეშ ეძებენ.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ დაზარალდა 10 ქალაქი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფორმულას განუცხადა, რომ "ანკარაში საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ამ დროისთვის არანაირი შეტყობინება არ შესულა."