logo
ENG



საქართველოს პარლამენტმა კრიტიკული მედიების 6 ჟურნალისტს აკრედიტაცია უნდა აღუდგინოს - CPJ

14 აპრ 202323:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/14/k5niqjx4p3972cw.jpg

საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (CPJ) საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გააუქმოს 3 კრიტიკული მედიის ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილება.

ორგანიზაცია გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს ფორმულას, მთავარი არხისა და TV პირველის ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის დაუსაბუთებელ შეჩერებაზე და აცხადებს, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილების გაუქმების გარდა აკრედიტაციის რეგულაციის რეფორმა უნდა განახორციელოს.

„საქართველოს პარლამენტმა უნდა გააუქმოს კრიტიკული მედიასაშუალებების 6 ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილება და განახორციელოს ახლახან მიღებული აკრედიტაციის რეგულაციების რეფორმა“ - აცხადებს CPJ.

ორგანიზაციის თქმით, 3-მა ჟურნალისტმა CPJ-ს უთხრა, რომ მათი პარლამენტიდან დაბლოკვის ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ დეპუტატებს მათთვის არასასურველ კითხვებს უსვამდნენ და, მათი თქმით, ეს რეგულაცია კრიტიკული მედიის გაჩუმებისკენაა მიმართული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უარყო, რომ აკრედიტაციის შეჩერება კრიტიკულ კითხვებს უკავშირდებოდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის წევრების "დევნის გამო" მიიღეს მაშინ, როცა "რესპოდენტს არ სურს ინტერვიუ".

ორგანიზაციის პროგრამულმა დირექტორმა კარლოს მარტინეზ დე ლა სერნამ საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, გააუქმოს ჟურნალისტებისთვის დაწესებული დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რომელიც, მისი თქმით, "ღიაა ბოროტად გამოყენებისთვის".

"საქართველოს პარლამენტმა უნდა გააუქმოს ექვსი ოპოზიციური ჟურნალისტისთვის დაუსაბუთებელი აკრედიტაციის შეწყვეტა, რომელიც როგორც ჩანს, ზედმეტად ღიაა ბოროტად გამოყენებისთვის. თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულადაა განწყობილი პოლიტიკური და მედიაპოლარიზაციის შემცირებისკენ, მათ უნდა იმუშაონ ყველა ჟურნალისტთან, რათა შეიმუშაონ მისაღები და მდგრადი სარეგულაციო ჩარჩოები" - განაცხადა კარლოს მარტინეზმა.

ორგანიზაციის განცხადებაში ასევე წერია, რომ მათ საქართველოს პარლამენტს ელექტრონული წერილით მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მედიის თავისუფლებას ავრცელებს. ისინი იცავენ ჟურნალისტების უფლებას, ამბები უსაფრთხოდ, შურისძიების შიშის გარეშე გააშუქონ.

CPJ-ს ჰყავს 40-მდე ექსპერტი მსოფლიოს გარშემო. მისი სათავო ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს. მედიის თავისუფლების დარღვევისას CPJ ამობილიზებს კორესპონდენტების ქსელს, ვინც მომხდარს აშუქებენ და ქმედით ნაბიჯებს დგამენ.

ორგანიზაცია რეპრესიულ ქვეყნებში, კონფლიქტის ზონებსა თუ დემოკრატიულ სახელმწიფოებში დარღვევებს აშუქებს.

6 აპრილს პარლამენტმა სამი წამყვანი მედიის წარმომადგენლებს, კერძოდ ტვ პირველის ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, ფორმულას ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა.

პარლამენტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მედიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტებისას დეპუტატებისათვის პარლამენტის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისა და პროსამთავრობო მედია POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 5 მარტს პარლამენტმა რამდენიმე ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა, ნაწილს კი იმავე დღეს ისევ აღუდგინეს

როგორც ჟურნალისტებმა თქვეს, მათ საკანონმდებლო ორგანოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ აკრედიტაცია ერთი თვის ვადით უჩერდებოდათ.

2 მარტს პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი, გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ის ჟურნალისტები, ვისაც აკრედიტაცია "აქციაში მონაწილეობის" მოტივით შეუჩერეს, პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და პროტესტში მონაწილეობას არ იღებდნენ.

1-ელი მარტიდან პარლამენტში მედიას ქცევის წესები დაუდგინეს, რომლის თანახმადაც "დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს". გარდა ამისა, განისაზღვრა ჟურნალისტის აკრედიტაციის წესიც. არსებობს 2 სახის აკრედიტაცია - საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. ამავე ბრძანების მიხედვით, წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდება.

 

close დახურვა