logo
ENG



საქართველოს საგარეო: რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ უკანონო ქმედებები

07 აგვ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock 857
საქართველოს საგარეო: რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ უკანონო ქმედებები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ოკუპაციის 14 წლისთავზე რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებს და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო კონტროლს აფართოებს.

საგარეო უწყების თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებები ფუნდამენტურად ირღვევა, ადგილი აქვს ეთნიკურ დისკრიმინაციას, ათასობით დევნილი კი საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რაც კვლავ რჩება ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად.

„საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვით, უკანონო დაკავებებითა და გატაცებებით, ადამიანის უფლებების უხეში შელახვით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციით დარტყმას აყენებს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გარემოს, რითაც, სხვა მიზნებთან ერთად ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან” - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გარდა ამისა, სამინისტროს თქმით, „დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაუსჯელობის წახალისება ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს“.

სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო “განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას“ და ცდილობს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით და სამართლებრივი ინსტრუმენტებით შეძლოს ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობიანი განვითარება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორების ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერისა და იმ წვლილისთვის, რაც მათ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაჭრაში შეიტანეს და მოუწოდებს, რომ ძალისხმევა მიმართოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ.

საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს, „შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება.“

 

close დახურვა